"ის ზიზღი, რაც დღეს ვნახე ადამიანების თვალებში არასდროს მინახავს"

მახათას მთის მთაწმინდელი მამების სახელობის ეკლესიის ღვთისმსახური დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი 17 მაისის აქციაზე, „ლიბერლთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ „დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, სად ვართ და რამდენად გვაკლია ინტელექტი და ცოდნა. ამის გარეშე კი ეკლესიური ცხოვრება ფანატიზმია“.
„დღეს ვნახეთ ძალადობა, არანაირი სიყვარული, არანაირი თანაგრძნობა, მხოლოდ ძალადობა. უახლოეს წარსულში ბევრი მიტინგი და გამოსვლა გვახსოვს. მაგრამ ის ზიზღი, რაც დღეს ვნახე, ადამიანების თვალებში არასდროს მინახავს. დღეს ჩემთვის ცხადი გახდა, თუ რა მასშტაბებს იძენს აგრესია, თუკი იგი რელიგიურობით არის მოტივირებული. ამიტომაც იყო, რომ ყველაზე სასტიკი ომები, რაც კი კაცობრიობას უნახავს, სწორედ რელიგიური ომებია. ძალადობის დროს ყველა ადამიანს შიში აქვს - ვაითუ, ღმერთმა მიწყინოს, ვაითუ, დავისაჯო, მაგრამ როცა იცი, რომ მწვანე გაქვს ანთებული ეკლესიისაგან, იერარქებისაგან და ფიქრობ, რომ თვით ღმერთისაგანაც კი, მაშინ, განსაკუთრებით სასტიკი ხდები“,-ამბობს დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი.
მისივე განმარტებით, ვინც ქუჩაში იდგა და აქციას შორიდან აკვირდებოდა, ყველამ დაინახა, რა მდგომარეობაში იყვნენ აქციის მონაწილეები. მისივე თქმით, აქციაზე მივიდნენ ადამიანები ხატებით, სტიქარებით; განსაკუთრებით აგრესიულები სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ. ზრდასრული ადამიანები იმდენად არ აქტიურობდნენ.
„ეს დღე თითოეული სასულიერო პირისთვის კარგი მაგალითად უნდა იქცეს, რომ რელიგიით აღარ გავამძაფროთ ის აგრესია და სიძულვილი, რაც ადამიანებშია დაგროვილი“, ამბობს დეკანოზი იაკობი.
დეკანოზის თქმით, ის ხალხი, ვინც აქციაზე იყო, გაურკვეველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი რელიგიური ფუნდამენტლიზმით მოწამლული ადამიანები იყვნენ. ქრისტიანობა კი მხოლოდ რელიგია არ არის, ის რელიგიაზე მეტია, რადგან ქრისტიანობა მჟღავნდება ადამიანის სიყვარულში, როგორიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ქრისტიანობის მიხედვით ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება.
„ეკლესიას დიდი ავტორიტეტი აქვს, ეს ყველა გამოკითხვით დასტურდება. სასულიერო პირები დიდი პატივისცემით ვსარგებლობთ ხალხში, თუნდაც, ადამიანი მორწმუნე არ იყოს, თუნდაც, უმცირესობის წარმომადგენელი იყოს, მაინც პატივისცემას იჩენენ ჩვენს მიმართ. დღეს პირველად ვნახე, როგორი ცივი თვალებით შემომხედეს ადამიანებმა, იმის გამო, რომ სამღვდელო შესამოსელი მეცვა. გუშინ ქუჩაში მოვდიოდი და გავიგონე ვიღაცამ თქვა - “ხვალ ესენი იმათ გადაუვლიანო” - ანუ, სასულიერო პირები დღეს ძალადობის მოთავეებთან ვასოცირდებით“,-განაცხადა დეკანოზმა იაკობმა.
No comments:
Post a Comment