Tuesday, July 2, 2013

2 ივლისი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეა

sports
2013 წლის 2 ივლისს მსოფლიოში სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში უკვე მეოცე წელია აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიოს სპორტისა და პრესის ასოციაციის წევრი გახდა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თბილისში გარდაცვლილი სპორტული ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი იმართება. აღნიშნული ტურნირი სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ტარდება.

საქართველოს სპორტული ჟურნალისტიკის ასოციაციის პრეზიდენტი, გია გორგოძე მიიჩნევს რომ საქართველოში სპორტული ჟურნალისტები არ არიან სათანადოდ მოზადებულები. მისი თქმით, ჟურნალისტების უმრავლესობა არ იცნობს სფეროს და არ ესწრება სპორტულ ასპარეზობებს.
„კალაძის გასაცილებელ საფეხბურთო მატჩზე 400-ზე მეტი ჟურნალისტი დარეგისტრირდა აკრედიტაციის მოსაპოვებლად. საინტერესოა ეს ადამაიანები სად იყვნენ აქამდე?!“, - აღნიშნა მან Media.Ge-თან საუბრისას. მისი თქმით, საქართველოში ბევრი სპორტული გამოცემა, ფინანსური კრიზის გამო დაიხურა.
ჟურნალისტების გამოუცდელობაზე საუბრობს ოლიმპიური კომპიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ელგუჯა ბერიშვილიც. მისი თქმით, სპორტული ჟურნალისტები სპორტის სფეროში მუშაობას გამოცდილების გარეშე, ადრეულ ასაკში, 17-18 წლისები იწყებენ.
პირველი ქართული სპორტული ჟურნალი -„შევარდენი“ საქართველოში 1918 წელს გამოიცა, რომელსაც სპორტული საზოგადოება „შევარდენი“ გამოსცემდა. 1934 წელს კი სპორტული გაზეთი - „პირველი ფიზკულტურელი“ დაიბეჭდა, რომელსაც 1949 წლიდან სახელი შეეცვალა და დღემდე „ლელოს“ სახელით ვრცელდება. დღესდღეობით საქართველოში რამდენიმე სპორტული გაზეთი და ჟურნალი გამოიცემა, სპორტულ ამბებს აშუქებენ ტელეკომპანიები და სპორტული ვებ-გვერდები.
***
მსოფლიოში სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე 1920 წლიდან აღინიშნება. ამ ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ანტვერპენში მიმდინარე ოლიმპიური თამაშებისას ჩაეყარა. შემდგომ ოლიმპიადაზე, 1924 წელს პარიზში კი მსოფლიოს სპორტისა და პრესის ასოციაცია დაფუძნდა. 

No comments:

Post a Comment