სალიცენზიო პირობების თანახმად, კომპანიამ მაუწყებლობა მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს. TV8-ის დირექტორი და 100 პროცენტიანი წილის მფლობელი 1992 წელს დაბადებული კონსტანტინე მოსიძეა, რომელიც Media.Ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის რა მიმართულების იქნება მაუწყებელი.
„ტელევიზიის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საქართველოში არ არის ისეთი ტელევიზია, რომ ყველა მაყურებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თვითონ რა ტიპის ტელევიზია მექნება, ეს არ გადამიწყვეტია ჯერ“, - აღნიშნა კონსტანტინე მოსიძემ, რომელიც მაჟამად „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტია.
ის არც ტელეკომპანიის დაფინანსებაზე საუბრობს. მისი თქმით, გადაწყვეტილი არ არის ექნება თუ არა რაიმე ურთიერთობა TV3-თან, რომელიც მისმა დედამ, ლალი ეგაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ 30 ათას ლარად იყიდა და ისე, რომ არცერთი პროექტი არ განუხორციელებია, კომპანიის 90 პროცენტი რამდენიმე კვირის წინ 200 ათას ლარად გაყიდა.
ლალი ეგაძემ ფინანსთა ყოფილ მინისტრს და სავაჭრო სამრეწველო პალატის ამჟამინდელ პრეზიდენტს კახა ბაინდურაშვილს TV3-ის 9 პროცენტი გადასცა, 30 პროცენტის მფლობელი სავაჭრო სამრეწველო პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელი გახდა, 51 პროცენტი ბიზნესმენ დავით მჟავიას საკუთრებაში გადავიდა, დანარჩენი 10 პროცენტი კი ლალი ეგაძეს დარჩა. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მალე ბიზნეს არხს გახსნის.
No comments:
Post a Comment