MDF ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგს ახორციელებს. პროექტის მიზანია ქართულენოვან მედია საშუალებებში უმცირესობების თემატიკის კვალიფიციური გაშუქების ხელშეწყობა მონიტორინგისა და მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საჯარო დისკუსიის ხელშეწყობის გზით.
პროექტი 6 გაზეთის („ასავალ-დასავალი“,’ რეზონანსი“,“ 24 საათი“,“ ქრონიკა“,“ ალია“,“ კვირისპალიტრა“); 3 საერთოეროვნული (საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“ და „რუსთავი 2“) და 3 ადგილობრივი ტელევიზიის („კავკასია“,“მაესტრო“ და“ მე-9 არხი“) დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების, ასევე მედია-კავშირ “ობიექტივის” საღამოს თოქ-შოუსდაკვირვებას ითვალისწინებს.
ამჯერად წარმოდგენილია 6-12 მაისის მონიტორინგის შედეგები.
ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ რელიგიური თემატიკა და დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით სხვადასხვა ასპექტებით იყო წარმოჩენილი: რელიგიურ უმცირესობათა ლოცვის უფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი ეთნიკური ქართველების უფლებებია (ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება); მეჩეთის მშენებლობის მიუღებლობის თემა უმრავლესობის ნების საფუძველზე უნდა გადაწყდეს (მედია-კავშირი “ობიექტივი”); რელიგიური ექსტრემიზმის თემა არ არსებობს და მხოლოდ გრანტების მიღების მიზნით არის პროვოცირებული (მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტია).
გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც უბედური ინციდენტის მსხვერპლის ეთნიკური კუთვნილების იდენტიფიცირება მოხდა, რაც პროფესიული სტანდარტის დარღვევას წარმოადგენს (გაზეთი “რეზონანსი”) -აღნიშნულია მონიტორინგში.
ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია როგორც რესპონდენტთა (გია გაჩეჩილაძე, ქართული ოცნება), ასევე მსმენელების მიერ პირდაპირ ეთერში (ობიექტივი) და წამყვანების (კავკასია, სპექტრი, ობიექტივი) მხრიდან წინა ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის კონტექსტში იყო გამოთქმული.
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ერთ შემთხვევაში ჟურნალისტის (რუსთავი 2, პოზიცია), ხოლო მეორე შემთხვევაში რესპონდენტის მხრიდან (“რეზონანსის” რედაქტორი) ხდებოდა.
სექსუალური უმცირესობების თემატიკა ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებისა და 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის კონტექსტში იყო აქტუალური. რესპონდენტთა (ირინა სარიშვილი, პარტია “იმედი”, მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტია) და მსმენელთა (“ობიექტივი”) მხრიდან პირდაპირ ეთერში გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გარდა, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტთა მხრიდან დისკრიმინაციას (“ობიექტივი”, გაზეთი “კვირის ქრონიკა”). ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება კი (ქრონიკა) 17 მაისის აქციისადმი საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას აღვივებს და დაუსაბუთებელ განზოგადებას ახდენს, რაც არც მეთოდოლოგიურ, არც პროფესიულ სტანდარტს არ შეესაბამება.
No comments:
Post a Comment