
ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად გაერთიანებულმა ჟურნალისტებმა 25 ივნისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და 12 წლის მირზა ცეცხლაძის გადაუდებელი ოპერაციისთვის სახელმწიფო დაფინანსება მოითხოვეს.
„შეასრულე მოვალეობა! გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე!“-ეწერა გრძელ ტრანსპარანტზე, რომელიც 15-მდე ჟურნალისტს ეკავა.
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მირზა ცეცხლაძის იტალიაში მკურნალობის საფასურის გადასახდელად ჯანდაცვის სამინისტრო სამინისტრო ფონდის მიერ შეგროვილ თანხასშეავსებს. მინისტრმა იქვე დასძინა, რომ მისი უწყება ასევე 13 წლის გიორგი გაბედავას ძვირადღირებულ მკურნალობასაც დააფინანსებს. სამინისტროს მიერ შექმნილი "ბავშვათა ონკოჰემატოლოგიური ფონდის" წლევანდელი ბიუჯეტი 1 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.
„ლეიკემიით დავაადებულთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა დიდი ხანია არსებობს, სამუშაოების სწორად ორგანიზებისა და საწყისი საინვესტიციო პირობების შესრულების შემთხვევაში "ბავშვათა ონკოჰემატოლოგიური ფონდისთვის" გამოყოფილი თანხა საკმარისი იქნება. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს ინოვაციური ფონდის შექმნაზე“, - უთხრა დავით სერგეენკომ აქციის მონაწილეებს.
„მოხდა საოცარი რამ - მირზა ცეცხლაძე გადარჩება, ჟურნალისტების სოლიდარობამ ნაყოფი გამოიღო. ჩვენმა აქციამ ჯანდაცვის მინისტრის ყურადღება მიიპყრო, მადლობა მას“, - უთხრა ჟურნალისტებს ეკა მიშველაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა. მირზა ცეცხლაძეს რამდენიმე დღეში საოპერაციოდ იტალიაში გაამგზავრებენ.
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" გასულ წელს შეიქმნა ქართველი ტელეოპერატორის დიმიტრი ცინცაძისა და მისი კოლეგა-მეგობრების ინიციატივით. ფონდი ატარებს აქციებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო თანხის შეგროვების მიზნით. ფონდის ძალისხმევის შედეგად წელს მოხერხდა კიდევ ერთი ბავშვის, თენგო ზაკაშვილის, საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება.
საქართველოში, ყოველწლიურად, ლეიკემიით დაავადების 40-50 ახალი შემთხვევა ვლინდება, აქედან დაავადებულთა 70 პროცენტის გამოჯანმრთელება ხერხდება, 30 პროცენტი კი - იღუპება. ამავე დროს, დაავადებულთაგან 5-7 ბავშვს ხერხემალზე ძვირადღირებული ტრანსპლანტაციის ჩატარება ესაჭიროება.
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" დაინტერესებულია თბილისში ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნით, ფონდის წევრები ამბობენ, რომ ამ ცენტრში მკურნალობა გაცილებით იაფი ეღირება.
No comments:
Post a Comment