Tuesday, July 2, 2013

დევნილები და მათი პრობლემები


‘’თელასიდან იყვნენ მოსულები, ესე თქვეს, თუ ხვალ 1 საათამდე არ გადავიხდით შუქის ფულს, გაგვითიშავენ’’-ეს არის პირველი ფრაზა, რომელიც მესმის დევნილების კომპაქტური ჩასახლების კიბეებზე ასვლისას.
4 მამაკაცი ზის კორიდორში და განიხილავს შუქთან დაკავშირებულ საკითხებს, ერთ-ერთი მათგანი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა,  ძალიან გამიხარდა. მივედი, მივესალმე, მოვიკითხე და ვეუბნები თუ რა მიზნით მოვედი.პირველ რიგში ვინტერესდები იმ პრობლემით, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ გავიგე.

თელასი მთლიან კორპუსს რატომ უთიშავს შუქს? რამდენია დავალიანება? შეღავათებით არ სარგებლობთ? დავაყარე კითხვები თორნიკე ადამიას.
‘’ დევნილებს აქვთ ცალ-ცალკე მრიცხველები, მაგრამ თვითონ თელასს საერთო უყენია. თვის ბოლოს თუ საერთო თანხა არ შევიდა, თელასის წარმომადგენელი მოდის და თიშავს შუქს. დავალიანება ამჯერად 700 ლარია, მაგრამ ზამთარში სამი ათასამდე ადის. შეღავათი ის არის, რომ 6 თეთრით ნაკლებს ვიხდით. ეს კორპუსი, სახელმწიფოს არ ეკუთვნის, კერძოა და ამიტომ უფრო გვირთულდება საქმე’’-მიპასუხა მან.
‘’შვილო, აქ ჯერ გაზი არ არის შემოყვანილი, ამიტომ ზამთარში დენით ვთბებით,  ძალიან ბევრს წვავს, ბევრს არ გააჩნია მაგის სახსრები,რომ ამდენი ფული იხადოს. რამდენჯერ დავწერეთ განცხადება სამინისტროში გაზის შემოყვანასთან დაკავშირებით, მაგრამ ეჰ, ჯერაც არავის მოუქცევია ყურადღება. დღეს ჩვენთვის ვის სცალია?!’’- ჩაერთო ლაპარაკში ლერი ღურწკაია, რომელიც აქტიურად უსმენდა ჩემი და თორნიკეს საუბარს.
მადლობას ვუხდი თორნიკეს ინფორმაციისათვის, ვემშვიდობები ბატონ ლერის და ავდივარ კიბეებზე. კომპაქტურ ჩასახლებაში კორიდორული ტიპის საცხოვრებელია. მესმის პატარა ბავშვების ჟრიამული და აგრეთვე ტირილის ხმაც. ვხედავ ფართე კორიდორში პატარა ბავშვები როგორ თამაშობენ ფეხბურთს. ჩემი ყურადღება უცებ, ერთმა ძალიან ლამაზმა პატარამ მიიქცია, რომელიც ცრემლებს იწმენდა სახიდან, ცისფერთვალება, ხუჭუჭა. მივედი და სახელს ვეკითხები, ‘’მე მათე მქვია’’-მპასუხობს. აღმოჩნდა, რომ არ ათამაშეს ფეხბურთი. მე, როგორც უფროსმა დავარიგე, რომ მათეც უნდა ათამაშონ, მაგრამ პასუხი იყო, რომ ის ჯერ ძალიან პატარაა, წაიქცევა და იტკენს რამეს. არ დაგიმალავთ და სწორი პასუხი კი მივიგე ბავშვებისაგან.
მათეს ვეთამაშები და ვხედავ, ხანში შესული ქალბატონი როგორ ადის კიბეებზე და თან აშკარად ეტყობა უმდზიმს პარკის ზიდვა. მივედი, ძალიან მინდოდა დახმარება და აგრეთვე ვფიქრობ გავესაუბრები, იქნებ მოყვეს თავის პრობლემებზე. უხარია ჩემი მისვლა. ‘’ყოჩაღ შვილო, კარგი გოგო ხარ, მიხარია შენნაირი ახალგაზრდები რომ მხვდებიან, მაგრამ არ მეცნობი, აქ ცხოვრობ?’’-მეკითხება ქალბატონი ლეილა ბულისკერია. მე ვუხსნი და თან მეშინია რამეში ეჭვი არ შეეპაროს, ან ჩემი დახარება სხვანაირად არ მიიღოს. ჩემი ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა, ისევ ისეთი თბილი ტონით განაგრძო საუბარი.
‘’ ეჰ ჩემო გოგო, რომელი ერთი პრობლემა გითხრა, ვცხოვრობ ბოლო სართულზე, სახურავი კარგად არ არის გაკეთებული და წვიმის დროს წყალი ჩამომდის.  რემონტი არ მაქვს შვილო და არ ვჩივი, მაგრამ მაინც რთულია, ყოველი წვიმის დროს, ვედროების და ქვაბების ზიდვა. მე შვილთან ერთად ვცხოვრობ, შვილიშვილი გამითხოვდა, მარტო ჩემი პენსია და დევნილების დახმარება 28 ლარი არ ეყოფა სახურავის შეკეთებას, შვილი უმუშევარი მყავს. ჩემი პრობლემებით შენ თავს არ შეგაწყენ შვილო’’-მეუბნება და სახლის კარისკენ მიმითითა, მეპატიჟება, მე დიდ მადლობას ვუხდი და ვეუბნები, რომ არ მცალია. განსაკუთრებული სითბო ვიგრძენი ამ ქალბატონისაგან, დავებშვიდობე და ველოდები კიდევ ვინმე შემხვდეს რომ უფრო მეტი გავიგო ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვათვალიერებ კორპუსს, ზოგს უკვე რემონტიც დაუწყია. ეტყობა მათი მდგობერაობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ქალბატონი ლეილასი. კორიდორში ბევრჯერ შევამჩნიე, როგორ იღება კარები და დაუკაკუნებლად შედიან ერთმანეთთან.  ეს მეგობრულ და თბილ გარემოზე მეტყველებს.
უცებ ხმაური მესმის, ჩამოვრბივარ კიბეებზე. ამოსვლისას 4 მამაკაცი იჯდა, ახლა კი რამოდენიმე ქალიც შეურთდა და ცხარედ კამათობენ შუქის ფულზე. ‘’არ მაინტერესებს, ავიღოთ სია, დავუყვეთ მთელს კორპუსს, ვისაც არ აქვს გადახდილი მოვთხოვოთ, აბა სხვის გამო უშუქოდ ვიჯდე? მერამდენედ? ‘’-ხმამაგლა გაყვიროდა ერთერთი წითელთმიანი ქალბატონი. უკვე ისეთი ჩოჩქოლი ატყდა, რომ ძლივს მესმოდა სიტყვები. გულში კი ვფიქრობ, გამიმართლა, რა სწორი დრო შემირჩევია მოსვლისთვის, მივიღე საკმაო ინფორმაცია, მაგრამ უცებ შემრცხვა და სხვა ფიქრი ამომიტივტივდა. თუ გავხვდი ჟურნალისტი, სოციალური თემა ჩემთვის პრიორიტეტი იქნება. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ჩემთვის ეს ტკივილი უცხო არ არის პირიქით ახლო და მშობლიურია. მეც დევნილი ვარ, აფხაზეთიდან.





No comments:

Post a Comment