“ინტერნიუსი საქართველო“, „ინტერნიუსი სომხეთი“ და „ინტერნიუსი აზერბაიჯანი“ ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის მაისიდან ახორციელებენ 2 წლიან პროექტს სახელწოდებით „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კოლეგები სოხუმიდან (აფხაზეთი), ცხინვალიდან (სამხრეთ ოსეთი) და ყარაბაღიდან.
ექსპერტების დაკვირვებით სამხრეთ კავკასიის მედია სოციო-პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობის, მათ შორის კონფლიქტების დაბალანსებულ სურათს არ წარმოაჩენს. არაერთი კვლევა ასევე მიგვითითებს რომ ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ახალი, მრავალფეროვანი და ალტერნატიული მოსაზრებების განვითარებისათვის სათანადო გარემოს ქმნის. მიუხედავად ამისა ეს მედიასაშუალება მხოლოდ დედაქალაქსა და დიდ ქალაქებშია ხელმისაწვდომი და გარდა ამისა, ინტერნეტ სივრცეში, ისევე როგორც სხვა ტიპის მედიაში, ერთერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა სიძულვილის ენის, პროპაგანდის, გადაუმოწმებელი და/ან დაუბალანსებელი ინფორმაციისა და სტერეოტიპების გამოყენებაა.
პროექტის ერთერთი მიზანი სამხრეთ კავკასიის მედიაში კონფლიქტების გაშუქებასთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასებაა, რა მიზნითაც საწყის ეტაპზე ჩატარდება საექსპერტო გამოკითხვების ანალიზი. კვლევის ფარგლებში გამოიკითხება 30 ექსპერტი პროექტის მიზნობრივი რეგიონიდან. საბოლოო ანგარიში და შემუშავებული რეკომენდაციები გაეცნობა სამხრეთ კავკასიის მედიის წარმომადგენლებს, რედაქტორებს, ჟურნალისტებსა და მედია მენეჯრებს. ჩატარდება ტრენინგები მედია ინდუსტრიის წარმომადგენელი სხვადასხვა ჯგუფებისთვის, მათ შორის ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის.
2013 წლის ოქტომბრიდან პროექტის გუნდი მოამზადებს სატელევიზიო გადაცემებს რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც გადაიცემა წამყვანი ტელეკომპანიების მიერ. განმახორციელებელი პარტნიორების ვებ-გვერდებზე პერიოდულად განთავსდება კონფლიქტებთან დაკავშირებული სტატიები და სათანადო ვიდეომასალა.
პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე კიდევ ერთხელ ჩატარდება საექსპერტო გამოკითხვები რაც პროექტის გუნდს მიღწეული შედეგის და პროგრესის შეფასების საშუალებას მისცემს.
პროექტის ფაგლებში მედიის წარმომადგენლების გაუმჯობესებული პროფესიონალური უნარები შედეგად გამოიღებს დაბალანსებულ და ეთიკურ რეპორტინგს, რაც კონფლიქტების გაშუქებას საზოგადოებისთვის უფრო გამჭვირვალეს გახდის და გარკვეულ წვლილს შეიტანს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაში.
No comments:
Post a Comment